|
|
|
| ბაკურიანის შესახებ |
ტურისტული რესურსების ინტეგრირებული
მართვის გეგმა (ჩამოტვირთეთ) |
|
|
|
სამთო-კლიმატური
კურორტი
ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს, ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. კურირტი
გაშენებულია თრიალეთის ქედის (მცირე კავკასიონი) ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან
1700 მ. სიმაღლეზე. საოცრად მდიდარმა ბუნებრივმა პირობებმა მას ჯერ კიდევ XIX
საუკუნეში გაუთქვა სახელი. კურორტის
ისტორია 1876 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად აქ უკრაინელი ახალმოსახლეები
დასახლებულან, რომელთაც შემდგომში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობა შემოუერთდა და
ბაკურიანი გადაიქცა მრავალეროვნულ დასახლებად. პირველმოსახლეობის ძირითად
საქმიანობას ხე-ტყის დამუშავება წარმოადგენდა, რომელიც შემდგომში გერმანიაში
იგზავნებოდა, სადაც ამ მასალით მუსიკალური ინსტრუმენტები მზადდებოდა. ხე-ტყის
ტრანსპორტირების გაადვილების მიზნით 1902 წელს ბორჯომიდან ბაკურიანამდე გაიყვანეს
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა (ერთადერთი საქართველოში), რომელიც 1962 წლიდან
ელექტროფიცირებულია. რკინიგზა დღემდე მოქმედებს და არ განიცდის მგზავრთა
ნაკლებობას, ამის უპირველესი მიზეზია ბრწყინვალე პეიზაჟი, რომლიც გადაიშლება ღია
ტიპის (კუკუშკა) მატარებლიდან. |
|
|
|
ბაკურიანი გამოირჩევა
თავისი მდებარეობით, იგი ყოველი მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული, რომელთა
ფერდობებზეც შეფენილია წიწვოვანი ტყეები (ნაძვი, ფიჭვი, შემოტანილია ჩინური
ცისფერი ნაძვი...). წიწვოვანი ტყეების გამო ჰაერი აქ კრისტალურად სუფთაა.
ტყეების ზემოთ წარმოდგენილია ალპური მდელოები. აქვე იღებენ სათავეს
მსოფლიოში ცნობილი ბორჯომის უნიკალური მინერალური წყლები. |
|
|
|
ისტორიულად ბაკურიანი თავიდანვე
იქცევდა ყურადღებას, როგორც საუკეთესო კურორტი. ასე მაგალითად აქ იყო XIX საუკუნის
რუსეთის სამეფო კარის უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი. XX საუკუნის 30-იანი
წლებიდან, მას ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში ბაკურიანი
წარმოადგენდა ტრადიციულ ადგილს სპორტის ზამთრის სახეობების შეჯიბრებებისათვის.
(სლალომი, ბობსლეი, ბიატლონი, ტრამპლინიდან ხტომები...). 70-80-იან წლებში აქ იყო
ძირითადი ბაზა საბჭოთა სამთო-სათხილამურო ოლიმპიური ნაკრების მზადებისა, აქ
ვარჯიშობდა ყველა ლეგენდარული საბჭოთა სამთო-მოთხილამურე. |
|
|
|
უნიკალურ,
დამახასიათებელ კლიმატს განაპირობებს, კურორტის მდებარეობა სუბტროპიკულ
ზონაში, შედარებით მაღალ სიმაღლეზე. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოს
საშუალო ტემპერატურა +14C-ია).
ყინვები უკვე სექტემბრის ბოლოს იწყება. ზამთარი ზომიერია (იანვრის თვის
საშუალო ტემპერატურა -5,6C-ია).
თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე 60 სანტიმეტრია. მზის ნათების ხანგრძლივობა
წელიწადში 2000 საათს აღემატება. მშრალი მთის ჰაერი, გაჯერებული წიწვოვანი
ტყეების არომატით, ასევე მზის რადიაციის დიდი რაოდენობა ქმნის ხელსაყრელ
პირობებს ავადმყოფების ეფექტური კლიმატოთერაპიისათვის. |
|
|
|
თავისი უნიკალური კლიმატური
პირობებიდან გამომდინარე, ბაკურიანი არა მარტო სეზონური არამედ, მუდმივი კურორტია
რომელსაც მთელი წლის მანძილზე შეუძლია მოიზიდოს სხვადასხვა ტიპის დამსვენებელი,
კერძოდ ზამთრობით იგი სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა შეკრების საყვარელი
ადგილია, სეზონი გრძელდება ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე. ზაფხულობით
კი საბავშვო და ოჯახური ტიპის კლასიკური კურორტია. გრილი ზაფხული, ტყიანი მთები და
შესანიშნავი ხედები, სუფთა ჰაერი, უამრავი ტურისტული მარშრუტი ცხრაწყაროს
უღელტეხილის, ტაბაწყურისა და კახისის ტბების, ბორჯომის ულამაზესი ხეობისა და
ისტორიული ძეგლებისაკენ, საუკეთესო წინაპირობაა ზაფხულის ოჯახთან ერთად შინაარსიანი
გატარებისთვის. |
|
|
|
ბაკურიანში დასვენება არა
მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, აქ დაუვიწყარ, ლამაზ დღეებს გაატარებთ,
რომლებიც წლების მანძილზე საუკეთესო მოგონებად დაგრჩებათ.
|
|
|
|
თუ
გაითვალისწინებთ, რომ ბაკურიანში უამრავი დიდი თუ პატარა სასტუმრო
მრავალფეროვან სერვისს გთავაზობთ, დაგვეთანხმებით, რომ მართლაც ღირს ამ
კურორტის კიდევ ერთხელ
მონახულება. |
|
|
|